კვლევა, რომელიც COVID-19-ის ვაქცინებს მიოკარდიტის მაღალ რისკს უკავშირებდა, უკან გაიწვიეს

კვლევა, რომელიც COVID-19-ის ვაქცინებს მიოკარდიტის მაღალ რისკს უკავშირებდა, უკან გაიწვიეს
11-10-2021, 14:00
289

არასწორი გაანგარიშებების გამო, კვლევა, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ყოველი 1 000-დან 1 ადამიანში მიოკარდიტის რისკს შეიცავდა, უკან გაიწვიეს. 

16 სექტემბერს აღნიშნულთან დაკავშირებით ოტავას უნივერსიტეტის გულის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევა პორტალ MedRxiv-ზე გამოქვეყნდა.

მომხდარს გამოეხმაურნენ კვლევის ავტორები. როგორც ოტავას უნივერსიტეტის გულის ინსტიტუტში განაცხადეს, „კვლევაში მოყვანილი მიოკარდიტის შემთხვევათა რაოდენობა, გაბერილი იყო მცირე მნიშვნელის გამო“.

კერძოდ, საუბარია კვლევის პერიოდში ჩატარებული ვაქცინაციის რაოდენობაზე. კვლევაში მითითებული იყო, რომ კვლევის პერიოდში ჩატარებული იყო 32 379 აცრა, ეს კი მაშინ, როცა რეალურად ჩატარებული იყო 854 930 აცრა.

„ჩვენ ვწუხვართ, რომ ამ შეცდომამ გამოიწვია დეზინფორმაცია პოსტ-ვაქცინური მიოკარდიტის შემთხვევების შესახებ. COVID-19 ვაქცინები უსაფრთხოა და დადასტურდა, რომ ეფექტურია დაავადების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია აცრა, ჩაიტაროს ვაქცინაცია“, - აღნიშნულია ოტავას უნივერსიტეტის გულის ინსტიტუტის განცხადებაში.

რეკლამა